ისტორია
საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა წყალთა მეურნეობისა და მელიორაციის დარგში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში;
იგი შეიქმნა 1925 წლის 13 ივლისს – როგორც ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
1947 წლიდან კი ინსტიტუტის სახელწოდებაა ”საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი”. ამ ინსტიტუტის ბაზაზე ანალოგიური ორგანიზაციები ინსტიტუტების სახით მოგვიანებით შეიქმნა ჩვენი ფილიალების საფუძველზე აზერბაიჯანსა და სომხეთში.
1992 წლამდე ინსტიტუტი იყო საკავშირო მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ინსტიტუტი საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით შეყვანილ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში და მას ეწოდა ”საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტი”, რომელიც შემდგომ, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის #58 დადგენილებით დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და ეწოდა ”საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი”, ხოლო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის #210 დადგენილების საფუძველზე მიმდინარე რეორგანიზაციის გამო ინსტიტუტი შევიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში და ეწოდა “სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი”.
ინსტიტუტში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ ან ასპირანტურის სრული კურსი გაიარეს გამოჩენილმა პიროვნებებმა: ალა მაგამედოვამ (შემდგომში დაღესტნის ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი), თამაზ ჟორდანიამ (შემდგომში საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე), ლევან კიკნაძემ (შემდგომში საქართველოს მინისტრთა საბჭოს რეფერენტი), გურამ ვარშალომიძემ (შემდგომში აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), მიხეილ კუზნეცოვმა (შემდგომში მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროზიის კათედრის გამგე და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი), ევსეი დოლიძემ (შემდგომში საქ. მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტის მმართველი), ზურაბ ერისთავმა (შემდგომში ”საქწყალმშენის” ტრესტის მმართველი), სერგო გოცირიძემ (შემდგომში სამშენებლო ტრესტის მმართველი), როლანდ ჯგერენაიამ (შემდგომში აფხაზეთის ჰიდრომელიორაციული პუნქტის დირექტორი) და სხვ.
გარდა პუბლიკაციებისა, ინსტიტუტი მონაწილეობდა ისეთი მნიშვნელოვანი ნაპირდამცავი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა:
ჩრდილოეთ ციმბირის მდინარეების ჩამონადენის ნაწილის შუა აზიაში გადმოგდება,
წყალსამეურნეო ობიექტები ალჟირში, სირიაში, კუბაში, ყაზახეთში, საბერძნეთში, კასპიის ზღვის 100 კმ-იანი სიგრძის ნაპირსამაგრი სამუშაოების დაპროექტება (1995-1998), რუსეთში (1981-1982).
გასული საუკუნის 20-იან წლებში უშუალოდ ინსტიტუტის ლაბორატორიებში დადგინდა საპროექტო პარამეტრები მინგეჩაურის კომპლექსის წყალსაცავისა და წყალშემტბორავი მიწის კაშხლისათვის; დაპროექტდა და განხორციელდა კოლხეთის დაჭაობებული ტერიტორიების ათვისება, ტირიფონის არხი და მასზე დაკიდებული ობიექტები, ზემო და ქვემო სამგორის სარწყავი სისტემები. ინსტიტუტი უშუალოდ ღებულობდა მონაწილეობას ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის პროექტის განხორციელებაში, ამ პროექტის პრინციპული საკითხების განხორციელებისას დაინერგა უამრავი სიახლე, მათ შორის მიწაყრილების მშენებლობა მაგისტრალური არხის ტრასაზე წყალში ჩაყრის ტექნოლოგიით. პრაქტიკა, რომელიც იქნა მიღებული 1965-1987 წლებში, გამოყენებულია საქართველოში 23 მიწის სამელიორაციო დანიშნულების კაშხლის მშენებლობისათვის, მათ შორის ისეთების, როგორიცაა: ალგეთის, ზონკარის, დალის მთის და ა. შ. გარდა გრუნტის წყალში ჩაყრის ტექნოლოგიით მიწის კაშხლების მშენებლობისა, ინსტიტუტის მიერ დამუშავდა პროექტი მოლექვისა (ჭიათურა მარგანეცის ნარჩენსაცავის კაშხალი) და მიმართული აფეთქებებით (კვაისას ცინკის ნარჩენსაცავის კაშხალი) მშენებლობისათვის. ინსტიტუტის მიერ განხორციელდა მრავალი პროექტის ექსპერტიზა მიწის კაშხლების დეფორმაციისა (ალჟირის 5) და ახალი კაშხლების მშენებლობისათვის (სირიის 2, აზერბაიჯანის 2). მდ. კოდორზე კალაპოტის ნაპირდამცავი ნაგებობები, მდ. ალაზნის (თელავის რ-ნი) ნაპირ დამცავი ნაგებობების დაპროექტება; ქ. ფოთთან მდ. რიონზე არსებული წყალგამყოფი კვანძის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები; ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დერეფანში გარემოს დამცავი 75 ნაგებობა და სხვ.
თავისი არსებობის პერიოდში ინსტიტუტი ახორციელებდა და ამჟამადაც აგრძელებს მრავალმხრივ სამეცნიერო ურთიერთობებსა და ერთობლივ კვლევებს ამერიკის შეერთებული შტატების, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ჩინეთის, ისრაელის, ავსტრიის, ჰოლანდიის, თურქეთის, გერმანიის, საბერძნეთის, იაპონიის, რუმინეთის, ბულგარეთის და მრავალ სხვადასხვა სამეცნიერო, საპროექტო, სამშენებლო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებთან.