ინსტიტუტის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტები

ინსტიტუტის საცდელსამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტები

ინსტიტუტს ექვემდებარება ალაზნის, გორის, ფოთის, სამგორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტები, ორხევის რწყვის ტექნოლოგიის პოლიგონი და არახვეთის სამთო-ეკოლოგიური სადგური (აღჭურვილი მელიორაციული მანქანა-დანადგარებითა და ნაგებობებით) – ბუნების სტიქიური მოვლენების შესწავლისა და მათი საწინააღმდეგო ახალი ღონისძიებების დამუშავების, შესაბამისი რეგიონებისათვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების კვლევების, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციებისათვის რეკომენდაციების დამუშავების, შავი ზღვის სანაპიროს გარეცხვის პროგნოზირებისა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

1.   ალაზნის საცდელსამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი – 75 ჰა

2.   გორის საცდელსამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი –  5 ჰა

3.   კოლხეთის  საცდელსამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი – 0.5 ჰა

4.   სამგორის საცდელსამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი –  5 ჰა

5.   არახვეთის სამთოსამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი  –  0.5 ჰა

6.   აფხაზეთის საცდელსამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი – 0.5 ჰა

ლინკით გადასვლა ცალ–ცალკე პუნქტზე

1. ალაზნის საცდელსამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი (ქ. სიღნაღი, სოფ. ხორნაბუჯი, ალაზნის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი, ტელ: 599 567-836)

წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ალაზნის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1948 წელს და მდებარეობს სიღნაღის რაიონში, წნორისწყლის დასახლებიდან აღმოსავლეთით 20 კმ-ზე, სოფ. ყარაღაჯში.

დაარსებიდან 1977 წლამდე ალაზნის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიურ პუნქტს ხელმძღვანელობდნენ დირექტორები დ. ყუფარაძე გ. აფხაზი, ვასილ სიხარულიძე, გიორგი ცომაია, ვიტალი ბრეგვაძე, უშანგი მოსულიშვილი, დავით მოსულიშვილი, ხოლო 2011 წლიდან დღემდე – გიორგი კაკაშვილი. პუნქტის თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენს 5-ს.

ამჟამად პუნქტს მუდმივ სარგებლობაში გადაცემული აქვს 75 ჰა მიწის ფართობი.

საცდელი პუნქტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ძირითადი მიმართულება იყო და არის საქართველოს დამლაშებული და ბიცობი ნიადაგების მელიორაცია, მათი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ათვისების მეთოდების საველე ექსპერიმენტული კვლევების ჩატარება, გამოცდა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება. 2019 წელს ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელმა პუნქტის ტერიტორიაზე ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე დაიცვა დისერტაცია  თემაზე „კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ალაზნის ველის დამლაშებული ფართობის შეფასება და მათი განმარილიანების საინჟინრო ინოვაციური ღონისძიებების დამუშავება“, ხოლო 2023 წლის ივლისის თვეში კი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის – დოქტორანტის მიერ აღნიშნულ კვლევებზე დაცულ იქნა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „საქართველოს დეგრადირებული ნიადაგების რეაბილიტაცია მცენარე ტოპინამბურის საველე კვლევების განხორციელებით ალაზნის მლაშე ნიადაგების მაგალითზე“.

     2. გორის საცდელსამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი  (გორის რ-ნი, სოფ. კარალეთი. ტელ. 558 370-303) 

გორის  საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი მდებარეობს გორი-ცხინვალის ავტომაგისტრალის მარჯვენა მხარეს, სოფ. კარალეთში. იგი გაიხსნა 1962 წელს აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას განკარგულებით და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ვ. ბუაჩიძის ხელმძღვანელობით ქართლის რეგიონისთვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების კვლევებისა და სოფლის მეორნეობის ორგანიზაციებისათვის რეკომენდაციების დამუშავების მიზნით. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წყალმოთხოვნილებისა და რწყვის რეჟიმის დადგენის მიზნით. პუნქტს მისი გახსნის დღიდან 2006 წლამდე ხელმძღვანელობს გამოცდილი აგრონომი არსენ მურადაშვილი, 2006 – 2021  – გურამ მურადაშვილი, ხოლო 2021 წლიდან – უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნ. აკად. დოქტორი, პროფ. გიორგი ნატროშვილი.

პუნქტის საერთო ფართობი შეადგენს 5 ჰა-ს, მათ შორის შენობა-ნაგებობებს უკავია 900 მ2, შიგა გზებს – 2250 მ2, დანარჩენ ფართობზე განლაგებულია მრავალწლიანი (ვაშლი, მსხალი, ბალი, კაკალი) და ერთწლიანი (სიმინდი, კომბოსტო, პამიდორი, ხორბალი) კულტურები.

პუნქტში ჩატარებული კვლევებისა და ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე დამუშავებულია რეკომენდაციები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წყალმოთხოვნი­ლებისა და რწყვის რეჟიმის შესახებ, რომელიც ეგზავნება რეგიონის სოფლის მეურნეობის ორგანიზაციებს, ტარდება ექსპერიმენტები რწყვის ტექნიკის ელემენტებისა და რწყვის სახეობათა შერჩევის მიზნით.

პუნქტში დაყენებულია მცენარე ტოპინამბურისა და პამპასების ბალახის სასწავლო-სამეცნიერო სტენდები.

2020-2023 წლებში ჩატარდა პუნქტის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გარემონტდა ოთახები, სანიტარული კვანძები და დამხმარე ნაგებობები და მომდევნო წლისთვის მზადდება მემორანდუმი სტუ-ს აგრარული ფაკულტეტის სტუდენტების სასწავლო პროცესში ჩასართავად სასწავლო და საწარმოო დისციპლინაში “სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია (ირიგაცია)“.

პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებულია მინი მეტეოსადგური, რომლის მონაცემებიც  ავტომატურ რეჟიმში იგზავნება ინსტიტუტის პუნქტების მონაცემთა ბანკში კლიმატზე დაკვირვებისა და თანამედროვე პირობებში რწყვის რეჟიმების დასაზუსტებლად.

შეძენილია ვაშლის ნერგები ვაშლის ბაღების გასაშენებლად თანამედროვე სარწყავი სისტემების (ფერტიგაციის) გამოყენებით, რომლის მართვა ავტომატურ რეჟიმში შესაძლებელი იქნება თბილისიდან – ინსტიტუტში განთავსებული კომპიუტერით, ხოლო წვიმის დროს ავტომატურად მოხდება მისი გათიშვა, რაც საჩვენებელი სტენდი იქნება სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებისთვის  საველე კვლევებისა და სასწავლო პრაქტიკის გასავლელად.

3. პროფ. ფრიდონ შატბერაშვილის სახელობის კოლხეთის (ფოთის) საცდელსამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი  (4400, ქ. ფოთი, დ. თავდადებულის #10, ტელ.  599 766-711).

პუნქტი შეიქმნა კოლხეთის დაჭაობებული ფართობების დაშრობითი ღონისძიებების დაწყებასთან დაკავშირებით 1932 წელს და არსებობს დღემდე. ამ ხნის განმავლობაში პუნქტის არცთუ მრავალრიცხოვანმა კოლექტივმა შეასრულა მთელი რიგი მნიშვნელოვანი კვლევები, რომლებიც წინ უსწრებდა კოლხეთის I და II რიგის ათვისების სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს და საცდელ-საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას (ნიადაგების ფიზიკურ-მექანიკური შემადგენლობა, ფილტრაციის კოეფიციენტებისა და სხვა მახასიათებელი პარამეტრების დადგენა-შეფასება). პუნქტი განთავსებული იყო კოლხიდმშენის ადმინისტრაციულ შენობაში. 1982 წლიდან კოლხეთის საცდელ-სამელიორაციო პუნქტი გადავიდა ქ. ფოთის მალთაყვის ტერიტორიაზე, კეთილმოწყობილ ერთსართულიან შენობაში 315 მ2 სასარგებლო ფართობით და 0,5 ჰა ეზოთი, სადაც განთავსებულია სამუშაო ოთახები, ლაბორატორია, სასაწყობო მეურნეობა, ავტოსადგომები და სხვ. 2019 წლიდან დღემდე პუნქტს ხელმძღვანელობს გამოცდილი აგრონომი – ჯემალ მიგინეიშვილი.

პუნქტის ტერიტორიაზე 2022 წელს განთავსდა მინიმეტეოსადგური, რომლის მონაცემებიც  ავტომატურ რეჟიმში იგზავნება ინსტიტუტის პუნქტების მონაცემთა ბანკში, ასევე  ინსტიტუტის მიერ NATO-ს გამარჯვებული გრანტის „,შავი ზღვის უსაფრთხოებისა და დაბინძურების რისკების კონტროლი რიცხვითი მოდელების გამოყენებით“ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულია პუნქტის შენობაში, პირველად საქართველოში, ნატოს სტანდარტების გათალისწინებით, მოეწყოს შავი ზღვის მეცნიერული კვლევის ობსერვატორია (NPBSO), რისთვისაც საჭიროა პუნქტის შენობის რეაბილიტაცია.

   4. სამგორის საცდელსამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი (ქ. გარდაბანი, სოფ. გამარჯვება, სამგორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი,  ტელ: 555 517-673)

პუნქტი გაიხსნა 1962 წელს აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას განკარგულებით და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ვ. ბუაჩიძის ხელმძღვანელობით. ნაკვეთის ფართობი შეადგენს 4,5 ჰა-ს, დახრილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აქვს ქანობი 0,15, გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურები.

რელიეფურმა პირობებმა მნიშვნელოვნად გაართულა რწყვის პროცესების ჩატარება. ამიტომ სარწყავი სისტემა, რომელიც აქ დაპროექტდა, დამახასიათებელია იმ ირიგაციული ობიექტებისათვის, რომელთა ფართობები განლაგებულია ფერდობებზე. 2021 წლიდან დღემდე პუნქტს ხელმძღვანელობს – გელა ვახტანგიშვილი.

სამგორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიურ პუნქტში დაყენებულია მცენარე ტოპინამბურისა და ეროზიისსაწინააღმდეგო პამპასების ბალახის სასწავლო-სამეცნიერო სტენდები. ინსტიტუტის დოქტორანტები ადგილზე ახორციელებენ საექსპერიმენტო მასალის მომზადებას და მცენარეებზე დაკვირვებას, რომელზეც ამჟამად მზადდება სადისერტაციო ნაშრომი „მთის ფერდობებზე წყლისმიერი ეროზიის რეგულირება ბიო-ინოვაციური ღონისძიებების გამოყენებით“. სამგორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიურ პუნქტში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი თემატიკაა: თაბაშირშემცველი ნიადაგების მელიორაცია და სასოფლო-სამეურნეო ათვისება; მორწყვის რეჟიმების დაზუსტება, რწყვის თანამედროვე მეთოდებისა და ფერდობზე განლაგებული სარწყავი სისტემების კვლევა; სარწყავი ნორმების მნიშვნელობების დაზუსტება თანამედროვე პირობებში და რწყვის პროგრესული მეთოდებისთვის. სასწავლო პროცესი:

 – სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკა დისციპლინაში “გეოდეზიის საფუძვლები“;    ­

 – სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკა დისციპლინაში “სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია“.

    5. არახვეთის სამთოსამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი (დუშეთის რ-ნი, სოფ. არახვეთი, 555 327-634)

საქართველოში მიმდინარე ბუნებრივი ჰიდრომორფოლოგიური და ნაწილობრივ გეოლოგიური პროცესების ბუნებრივ პირობებში შესწავლის მიზნით დუშეთის რაიონის სოფ. არახვეთში საქართველოს მინისტრთა საბჭოს #270 დადგენილებით (25.05.1974) დატკიცდა დუშეთის რაისაბჭოს 1974 წლის 15 თებერვლის #59 გადაწყვეტილება საქართველოს მეცნიერებათა აკდემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტისათვის 0,5 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის და მასზე სამთო-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტის დაფუძნების შესახებ.

არახვეთის სამთო-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტის ხელმძღვანელად დაინიშნა საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, ტექნ. მეცნ. კანდიდატი ლევან სულაქველიძე. ბატონი ლევანი გარდაცვალებამდე (01.02.1996) უანგაროდ ემსახურებოდა ბუნების დაცვის მეცნიერული და საინჟინრო საკითხების კვლევას. 2021 წლიდან დღემდე პუნქტს ხელმძღვანელობს – ნოდარ ბუქური.

სამთო-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი მისი დაარსებიდან დღემდე ემსახურება ბუნებრივი კატასტროფული მოვლენებით აქტიური საქართველოს სამხედრო გზისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაზიანების პრობლემების გადაწყვეტას.  

ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები პერიოდულად იგზავნებიან არაგვის ხეობის საველე კვლევებზე (ბუნებრივი კატასტროფები) და ბაზის საჭიროებისათვის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულია ტენდერი.

     6.  აფხაზეთის საცდელსამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი

1982–1992 წლებში პუნქტი აწარმოებდა საცდელ-საწარმოო გამოკვლევებს ნიადაგის დაშრობაზე ახალი სამელიორაციო მოწყობილობებითა და დამშრობი სისტემების რაციონალური ექსპლუატაციის საშუალებით, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების და მდინარეების ჰიდროლოგიური რეჟიმების გამოკვლევას, მდ. კოდორის ნაპირსამაგრი მოწყობილობების დაპროექტებას და მშენებლობას. საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობის აღდგენის შემდეგ პუნქტი აქტიურად გააგრძელებს ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების შესრულებას ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებით (პუნქტის ხელმძღვანელი – ტექნ. აკად. დოქტორი პაატა სიჭინავა).